მოგზაურობები

როგორ ვიმოგზაუროთ მინიმალური დანახარჯებით

-რა შეიძლება იყოს მოგზაურობაზე უკეთესი?

-მხოლოდ უფასოდ მოგზაურობა .

ამ ბლოგში სწორედ უდანახარჯოდ მოგზაურობის ერთ-ერთ მთავარ საშუალებაზე- couchsurfing-ზე და მისი მეშვეობით გაცნობილ განსაკუთრებულ ადამიანებზე მოგიყვებით ^^

მაშ ასე,რა არის www.couchsurfing.com?

მოკლედ  რომ ვთქვა,ეს არის 2004 წელს დაარსებული  სოციალური ვებსაიტი,რომელიც მოგზაურებს საშუალებას აძლევს მათთვის სასურველ ქვეყანაში,სასურველ ქალაქში,სასურველ უბანში იპოვონ ადამიანი,რომელიც მზად იქნება საკუთარი ტახტი,ოთახი ,ხანდახან კი სრული სახლი უსასყიდლოდ დაუთმოს სტუმარს. მათი მოტივი სხვადასხვაა- ზოგს ინგლისურის პრაქტიკის გაუმჯობესება სურს, ზოგს უბრალოდ ახალი მეგობარი,უმეტესობას კი უცხო კულტურის შესახებ ინფორმაციის მიღება..

საიტი დღეს-დღეობით 14 მილიონზე მეტ პოტენციურ მასპინძელსა და უფასო დასარჩენის მსურველს აერთიანებს. რეგისტრაცია მარტივია და სრულიად უფასო,თუ ვერიფიცირებული პროფილის შექმნა არ გინდათ(ვერიფიცირება თქვენს პროფილს მეტ საანდროობას შესძენს და წვრილმანი დამატებითი ბენეფიტები გექნებათ,თუმცა განსაკუთრებული არაფერი.)

იმისთვის,რომ მასპინძელი იპოვოთ, საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციის შევსებაა საჭირო: რატომ დაინტერესდით ქაუჩსერფინგით მოგზაურობით, რა ჰობი გაქვთ,აქამდე სად გიმოგზაურიათ,მოკლედ ,, ვინა ხარ, სიდამ მოსულხარ, სადა ხარწახვალ სადაო.” მერე ხუთიოდე სურათიც დაამატოთ  და მორჩა – რექვესთების გასაგზავნად ყველაფერი მზადაა. მიწერამდე აუცილებლად კარგად გაეცანით პოტენციური მასპინძლის პროფილს და ხაზი გაუსვით,რომ მასთან სტუმრობით საერო ინტერესები გამო დაინტერესდით  ან რამე მსგავსი. რაც უფრო დამაჯერებელი იქნება,რომ რენდომ მესიჯს კი არ უგზავნით,არამედ თვითონ ინდივიდით ხართ დაინტერესებული,მით მეტად გაიზრდება თანხმობის ალბათობა. გაითვალისწინეთ,რომ რაც უფრო მოკლევადიანი იქნება სავარაუდო ვიზიტი,მით მეტი შანსი გაქვთ.

მაგ. ერთი კვირით თუ აპირებთ რომელიმე ქალაქში გაჩერებას, ერთის მაგივრად ორი მასპინძელი მოძებნეთ და დღეები გადაანაწილეთ. პირადად მე , არასოდეს მიმიღია უარი ერთ კვირიან და უფრო დიდხნიან რექვესთებზეც,მაგრამ მერე სანანებელი გამხდომია-სამი დღის მერე,თუ მასპინძელს ძალიან კარგად არ შეეწყვეთ,გარკვეული უხერხულობა იჩენს თავს და თან თითქოს სალაპარაკოც აღარაფერი გაქვთ- უკვე იცის,რომ ამერიკის ჯორჯიის გარდა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში პატარა ქვეყანაც არსებობს იგივე სახელით და რომ ამ ქვეყანას რუსეთთან საერთო არაფერი აქვს,გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა. იცის ისიც,რომ ყველაზე მაგარი ბუნება გვაქვს და გრძელ-გრძელი სადღერგრძელოები გვჩვევია,ისიც,რომ ხინკალი გვიყვარს და თბილისის ანძა ჯობია ეიფელს.  ხოდა,მოკლედ იმის თქმა მინდა,რომ  თქვენივე კომფორტისთვის  ჯობია სამი დღის შემდეგ გუდა-ნაბადი აიკრათ და ახალი ჰოსთი მოძებნოთ,თორემ გამოგდებით ვერავინ გამოგაგდებთ- უმეტეს ქვეყნებში , სტუმრის  საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზეა შესაძლებელი,რასაც საკმაო ხანი ჭირდება :დ

ხო,წასვლამდე სუვენირის წაღება არ დაგავიწყდეთ,ერთნაირად უხარიათ ხოლმე ჩურჩხელებიც , ზემელის ,,სტატუეტკებიც“  და @altersocks-ის ხინკლიან-ფიროსმანიანი წინდებიც .

რეალური ბენეფიტები

თუმცა,ქაუჩსერფინგი გაცილებით მეტია,ვიდრე უბრალოდ უფასო დასარჩენი. ეს არის ყველაზე იდეალური საშუალება ადგილობრივი კულტურის გასაცნობად- საინტერესო საუბრები ლოკალური კერძების თანხლებით,რჩევები,რომლებსაც არცერთი ჰოსთი არ დაიშურებს,მეტიც, ხშირად მასპინძლები თავად დაყვებიან სტუმრებს ქალაქის ღისშეშანიშნაობების დასათვალიერებლად, კონცერტებზე,კლუბებში და ა.შ.

ხალხი ქაუჩსერფინგის საშუალებით ხშირად მომავალ სამოგზაურო კომპანიონს ან სულაც ცხოვრების თანამგზავრს პოულობს. ან როგორც ჩემ შემთხვევაში – მისაბაძ პიროვნებებს ^^

მარტინი

 15181479_1334499463248616_1859760587373268264_n

პირველი მასპინძელი შვედი მყავდა. მიწერ-მოწერა და შეთანხმება რამოდენიმე თვით ადრე დავიწყე. ვინაიდან ქოუჩზე არანირი გამოცდილება არ მქონდა,უამრავ კითხვას ვუსვამდი და მალევე დავმეგობრდით.მისდამი  რწმენას ასობით სტუმრის დატოვებული დადებითი შეფასება  მიმყარებდა.

წასვლამდე ორიოდე დღით ადრე ქაუჩსერფინგიდან განგაშის შეტყობინება მომივიდა-საიტის ადმინისტრაცია მწერდა,რომ მარტინზე საჩივარი შევიდა,რის გამოც მას ექაუნთი დაუბლოკეს  და მთხოვეს  მასთან აღარ დავრჩენილიყავი.

ქაუჩსერფინგზე მასპინძლის პოვნა,მითუმეტეს მაშინ,როდესაც მხოლოდ ერთი ადგილი გინდა და თან გოგო ხარ,ძალიან მარტივია,მაგრამ არა ორი დღით ადრე. ამიტომ მეილის წაკითხვისთანავე სხვა არცერთი ალტერნატივის მოძიება არ მიცდია,პირდაპირ მარტინს მივწერე ფეისბუქზე,რა ჯანდაბა ხდებათქო.

ძალიან განერვიულებული და გაბრაზებული იყო. წლებია ამ საიტზე ვარ,ასობით ტურისტი მყავს მიღებული და ყველა მათგანისგან დადებითი შეფასება მქონდა,საიტის ადმინისტრაციამ კი ისე გამიუქმა პროფილი,ინფორმაციის გადამოწმება არც კი უცდიათო. შემდეგ ამბავი მოყვა-ორი გოგო მყავდა სტუმრად,ერთ-ერთი საშინლად უწესრიგო და ბინძური,რასთან დაკავშირებითაც შენიშვნა მივეცი,ეს კი კომფლიქტში გადაიზარდა ,თუმცა ბოლოს თითქოს მეგობრულად დავიშალეთ და არ მეგონა საჩივარს თუ დამიწერდაო.

ვენდე.ზოგადად ეს ჩემი მთავარი თვისებაა – უპირობოდ ვენდობი ადამიანებს და იმდენად მჯერა,არ დამაღალატებენ,რომ სხვა გზა აღარც რჩებათ: როცა ვიღაცას სწამს,რომ კარგი ადამიანი ხარ,რომც არ იყო,შენც იწყებ ამის დაჯერებას-სამყაროს კანონზომიერებაა ასეთი.

15259261_1334565956575300_5197441364233933165_o
ხედი მარტინის აივნიდან

მარტინი სტოკჰოლმის ბინაში მელოდებოდა. ცენტრალურ უბანში,ულამაზესი ხედით,ძალიან მყუდრო სახლში რომ ამოვყავი თავი ცოტა გული დამწყდა,რომ აქედან პირდაპირ არქიპელაგზე წასვლა გვქონდა დაგეგმილი – ქალაქიდან მოშორებით მდებარე კუნძულზე ,სადაც ვილა ქონდა .მაგრამ რამოდენიმე საათში მივხვდი,რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო- სუფთა ჰაერი,წიწვოვანი ტყის ფერდობზე ჩადგმული კოტეჯები,რომლებიც პირდაპირ ბალტიის ზღვას გადაყურებენ ,საოცარი სიწყნარე და ეზოებში მოკუნტრუშე შვლის ნუკრები რომ დავინახე.

15178131_1334568449908384_3347382324120324113_n
ვაქსჰოლმის ვილა

ვილაში პაულა გველოდებოდა,სტუმარი ბუენოს-აირესიდან,რომელიც უკვე სამი თვე იყო მარტინის სახლში ცხოვრობდა და შვედურ ენას სწავლობდა.

თავად მარტინი სხვადასხვა პროექტებში იყო ჩართული. ერთ-ერთი ევროვიზიის კონკურსის ორგანიზება იყო და მგონი სწორედ მისგან მოვისმინე იანგ ჯეორჯიან ლოლიტაზის საკონკურსო სიმღერა პირველად. მაგარი ბიჭები არიანო. ისეთი მაგრები,რომ დაჟე ევროვიზიაზე რა უნდათო. თვითონ ბუნებრივია შვედ ბიჭს გულშემატკივრობდა -მისი სიმღერა იმდენჯერ გადაახვია,ბოლოს უკვე ჩვენც მის მხარეზე ვიყავით ;დ

მარტინი 7 წლის წინ მუდმივი სამსახურიდან წამოვიდა,გაყიდა მანქანა და მარტომ დაიწყო მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა. ამბობს,რომ არასოდეს უნანია.

ამჟამად უკვე 120 ქვეყანაშია ნამყოფი.მოხალისედ უმუშავია კენიაში და უგანდაში,სადაც უპატრონო ბავშვებს ეხმარებოდა, ავსტრალიაში  ლომებისა და ლეპარდების მომვლელების თანამშემწე იყო და ქვეყნის კულტურასა და ველური ბუნების მნიშვნელობას ითავისებდა,ჩინეთის ზოოპარკში პანდებს კვებავდა თავის ხელით და ტაილანდში სპილოების სოფელში ცხოვრობდა.წელიწად ნახევარი საკრუიზო გემზე მუშაობდა და თითქმის მთელი მსოფლიო აქვს გადაცურული. მოკლედ მარტინი ჩვენი განხორციელებული ოცნებების ბუკეტია და ალბათ ეს აქცევს ასე უზრუნველ,მხიარულ და მზრუნველ ადამიანად .

თუმცა,უნდა აღვნიშნო,რომ მაინც შვედია და ჩვენებური მასპინძლობისა არაფერი გაეგება რა .ასე მაგალითად , ეზოს დასალაგებლად გასულმა ჩემი ყასიდად ნათქვამი რაიმეში ხომ არ გჭირდება დახმარება-მეთქი ეგრევე აიტაცა და ამ სტუმარ გოგოს მთეეელი დღე ეზოს მაფოცხინებდა და შეგროვებულ ფოთლებს მაყრევინებდა აქეთ-იქით .

მანო

17796008_800564180095683_7367729794025328839_n

მანო ბერლინელია. ის  ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოგრაფი და საბრძოლო ხელოვნების პროფესიონალია,კერძოდ შავი ქამრის მფლობელი Tang Soo Do-სა და  Muay Thai -ში.

საქართველოში არაერთხელაა ნამყოფი  და აღფრთოვანებულია ჩვენი საკლუბო სცენის განვითარებით.

ჩასული არ ვიყავი,ბარებისა და კლუბების შემოსავლელად წამიყვანა. მისი წყალობით არაერთი ძალიან საინტერესო არტისტი გავიცანი და მთელი ცხოვრება მადლობელი ვიქნები ამისთვის .

13559076_1202075349824362_6671924089181327115_o
მანოს არეული ოთახი

ამჟამად 90 ქვეყანაშია ნამყოფი და ფოტოპროექტს ასრულებს პაკისტანზე. იატაკზე მიმოყრილი აუმრავი დამახასიათებელი სახე , საოცარი ფერები და უთვალავი ყავიანი ჭიქა – ასეთი დამხვდა მანოლოს ბინა ჩასვლისას. როგორც მერე მითხრა,უკვე მეორე ღამეს ათენებდა პაკისტანში გადაღებული პორტრეტების გადარჩევაში. მანოლოს აღფრთოვანება ამ ქვეყნით იმდენად გადამდები იყო,რომ გადავწყვიტე მეც აუცილებლად წავსულიყავი იქ. გუშინ უკვე განცხადებაც დავწერე სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე და თვის ბოლოს იქ ვიქნები,მერე კი დანარჩენი აზიის მოვლას ვფიქრობ. იმედია,ჩემი ქაუჩსერფერებივით ,მეც არასოდეს ვინანებ ამ ნაბიჯს.

ყველაზე ამაღელვებელი რა გაგიკეთებიათქო,ვეკითხები.

ოოჰ,იმდენად ბევრიაო- მპასუხობს.

საკმაოდ დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ ჩამოთვლას იწყებს- ვულკანების დალაშქვა, ზვიგენებთან ერთად ცურვა,ტაილანდის ბოქსის ჩემპიონატზე ასპარეზობა,ჩინეთის ოლიმპიადაზე ფოტოგრაფად მუშაობა, ტიბეტელ ბერებთან ერთად ცხოვრება ,გაგაუზიაში ქუჩის ძაღლებთან ერთად ძილი, კარიბის ზღვის გადაცურვა და უკაცრიელ კუნძულზე ერთი წელი ცხოვრება,რობიზონ კრუზოსავით- ეს ის ისტორიებია,რომელთა დამახსოვრებაც მოვახერხე.

და ეს ყველაფერი სულ რაღაც 30 წლის ასაკში .

ოლგა

13235257_1170534579645106_6574059233345398236_o

ოლგა კრაკოვში  გავიცანი.ახლა მიუნხენში ცხოვრობს.  წარმოშობით უკრაინიდანაა, საიდანაც 17 წლის წამოვიდა სულ მარტო. მსურდა დამოუკიდებლად მეცხოვრა და ცხოვრების სრულიად ნოლიდან დაწყება გამომეცადაო. ჩემი მშობლებისთვის ეს რთული გასაგები იყო,მაგრამ ახლა უკვე შეეგუვნენ ,თუმცა ,ყოველ წელს,თითო-თითო კვირით ჩასულს მაინც სულ დარჩენაზე მელაპარაკებიანო.

მე რომ ჩავედი ,იმ პერიოდში ორ ადგილზე მუშაობდა და სწავლობდა.სულ 21 წლისაა და უკვე 6 ენა იცის სრულყოფილად .

მიუხედავად იმისა,რომ ოლგას საწოლი ყველაზე მოუხერხებელი იყო,რაზეც კი ცხოვრებაში მძინებია,თან სულ ერთი გასაღები ქონდა და მთლიანად მის გრაფიკზე ვიყავი დამოკიდებული(  წასვლამდე აუცილებლად ჰკითხეთ ჰოსთს,გექნებათ თუ არა თქვენი საკუთარი გასაღები,ეს იმაზე მნიშვნელოვანია,ვიდრე თქვენი საკუთარი ოთახის ქონა ) ,მასთან გატარებული დრო მაინც ყველაზე სასიამოვნოდ და მხიარულად მახსენდება.მათ შორის მთელი დღით ფაზლის ასაწყობად გამოკეტვაც კი ))

ოლგა თავის შეყვარებულთან ერთად ამ დღეებში საქართველოში ჩამოდის და იმედი მაქვს,შევძლებ მასავით მხიარული და კარგი მასპინძელი ვიყო. ტიპური სანახაობების- ეკლესიებისა და ძველი თბილისის გარდა, რა შეიძლება ვაჩვენო,ამაზე დიდი სიამოვნებით მივიღებ რჩევებს კომენტარებში.

ლუკასი

 13876229_1217044591660771_3554658414946349825_n

ყველაზე უსიამოვნო რამ,რაც ქაუჩსერფინგით მოგზაურობისას შემემთხვა,ის იყო,რომ ვროცლავში ჩასვლისას ,როცა უკვე ერთი საათის გზაღა მაშორებდა ქაუჩსერფერის სახლს,მისგან შეტყობინება მომივიდა- გეგმები შემეცვალა,სხვა ქალაქში მიწევს დაუყოვნებლივ გამგზავრება  და ვეღარ მიგიღებო.

ამ დროს კი მე ავტობუსში ვიჯექი,დამჯდარი მობილურით,რომლის სასტუმროების დასასერჩად გამოყენება გათიშვის გარანტი იყო და ნელ-ნელა ღამდებოდა.  მახსოვს,როგორ გამეყინა სასოწარკვეთისგან კიდურები და ცოტახნით ტირილის დაწყების უგუნურმა აზრმაც გამიელვა თავში.

ცოტა ხანში ახალი შეტყობინება მომივიდა ვინმე ლუკასისგან- გამარჯობა,მე ლუბას მეგობარი ვარ,მან მითხრა რომ სტუმრად ვეღარ მიგიღებს და შეგიძლია ჩემთან მოხვიდე,მეც ქაუჩსერფერი ვარ და მოგზაურებს ხშირად ვმასპინძლობ ხოლმეო.

ისევ გავრისკე და შემოთავაზებას დავთანხმდი.ავტობუსის გაჩერებასთან,სავაჭრო ცენტრში შემპირდა დახვედრას.

..

სანამ თვითონ სახლისთვის პროდუქტებს ყიდულობდა , კონვერტის დაჭერა მთხოვა. რა არისთქო,ვკითხე. რამშტაინის ბილეთები ვიყიდეო. ამის თქმა იყო და “მორჩა,ეს ჩემია-ს ძახილით მაღაზიიდან გავიქეცი. შეშინებული ლუკასი უკან მომდევდა,ალბათ მართლა ფიქრობდა,რომ ბილეთებს ვპარავდი. სამიოდე წუთის შემდეგ სიცილით გავჩერდი.ცხადი იყო- მე და ლუკასი კარგი მეგობრები გავხდებოდით .

ასეც მოხდა. წამოსვლისას ლუბას  მადლობებს ვუხდიდი  ჩემი „გადაგდებისთვის“.

მანამდე კი ლუკასსთან ერთად მოვიარე ქალაქის ყველა ლამაზი ადგილი, უიაფესი ბარები და კაფეები,სადაც ხუთი ლარის ექვივალენტად ორი თავი უგემრიელესი კერძისა და ღვინის დალევას ვახერხებდი, გავიცანი ვროცლავში მცხოვრები ქართველები, დავესწარი ლუკასის როკ ბენდის რეპეტიციებს და სპექტაკლს მისი მონაწილეობით. ჯამში სამი დღე და ორი ღამე ვიცხოვრე ამ ზღაპრულ ქალაქში,რომლის მონახულებასაც აბსოლუტურად ყველა მოგზაურობის მოყვარულს ვურჩევ.

ხო,ერთი მთავარი დეტალი ლუკასზე-მისი ბინა ერთოთახიანი აღმოჩნდა , ხოდა, აქაოდა სტუმარმა თავი უხერხულად არ იგრძნოსო ,ღამეებს მეგობრებთან ათევდა )))

12998317_1153043348060896_1260059383420815661_o
ხედი ლუკასის სახლიდან

….

კიდევ ძალიან ბევრის წერა შემიძლია ჩემს სხვა ასევე გენიალურ  მასპინძლებზე ,მაგრამ ალბათ წასაკითხად მოსაწყენი იქნება. ვფიქრობ,ამ ოთხი ისტორიითაც ჩანს,თუ რატომ არის ქაუჩსერფინგი იდეალური გზა მოგზაურობისთვის  – რომ არა სხვა დანარჩენი, მარტო იმად ღირს ხეტიალის დაწყება, რომ ასეთი ადამიანები იპოვო…

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s